ბლოგის ავტორი

მნახველთა რაოდენობა

ახალი პოსტი

ბლოგის არქივი

ფორმა უკუკავშირისთვის

Имя

Электронная почта *

Сообщение *

ინტერაქტიური სწავლება-სწავლა არის თანამედროვე ჰუმანიზმის პრინციპებზე დამყარებული საგანმანათლებლო სისტემა. სწავლება-სწავლის აღნიშნული მიმართულება ითვალისწინებს მასწავლებლისა და მასწავლებლის როლების შეცვლას, რაც გულისხმობს ავტორიტარული, მასწავლებელზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის შეცვლას მოსწავლეზე ორიენტირებულით. ასევე, ინტერაქტიური სწავლება საჭიროებს გაკვეთილის პროცესში სწავლების ახალი სტრატეგიებისა და შეფასების ახალი ხერხების დანერგვას. შესაბამისად, სწავლების მიზანიც იცვლება. იგი ორიენტირებულია არა მარტო ცოდნაზე, არამედ უნარჩვევების გამომუშავებაზეც.
მოსწავლე ინტერაქტიური სწავლების პროცესის სუბიექტია. იგი სწავლება-სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეა. სწავლის საფუძველს მოსწავლის ინდივიდუალური გამოცდილება, არსებული ცოდნა და პიროვნული მონაცემები წარმოადგენს.
სწავლება-სწავლის ეს ახალი მიდგომა ეფუძნება მნიშვნელოვან საგანმანათლებლო თეორიას - კონსტრუქტივიზმს.
კონსტრუქტივიზმი ბავშვის სწავლების პროცესზე დაკვირვებასა და მეცნიერულ მიღწევებზე დაფუძნებული მიმდინარეობაა. კონსტრუქტივიზმის ძირითადი დებულების მიხედვით, სწავლის სუბიექტს შეუძლია მიღებული ინფორმაციის კონსტრუირება და მის გარშემო არსებული რეალური სამყაროს ინტერპრეტაცია. კონსტრუქტივიზმის ძირითადი მიზანია ძველი და ახლად შეძენილი ცოდნის შეჯერებით მოსწავლეებს ვასწავლოთ ახალი ინფორმაციის მოპოვება, აზროვნება, ცოდნის კონსტრუირება-შენება. აღნიშნული საგანმანათლებლო მიმართულების ფუძემდებლები არიან ჟან პიაჟე და ლევ ვიგოტსკი.
ჟან პიაჟე განასხვავებდა ცოდნის ორ სახეს: ერთის მხრივ, აქტიური სწავლება-სწავლის პროცესში კონსტრუირებულ, კვლევა-ძიების შედეგად მიღებულ ცოდნას და, მეორეს მხრივ, - ფაქტობრივად, პასიურად შეძენილ ცოდნას.
აღსანიშნავია, რომ სწავლება-სწავლის პროცესი მნიშვნელოვნად ეფექტურია მაშინ, როდესაც იგი მოსწავლის კვლევითი ინტერესებისაკენ არის მიმართული. ამგვარად აგებული სასწავლო პროცესი მოსწავლეს უვითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას, ინფორმაციის მოპოვების, პრობლემათა გადაჭრისა და კომუნიკაციის უნარებს.
ყოველივე ამის მიღწევა შესაძლებელია სწავლების ინოვაციური მეთოდების საშუალებით.
ცნება - ,,სწავლების მეთოდები“, მოიცავს დიდაქტიკურ ძიებებს, სწავლების პროცესში განსახორციელებელი ეტაპების დროში განაწილებას, ურთიერთობის ხასიათს, ანუ მასწავლებლისა და მოსწავლის როლების ურთიერთდამოკიდებულებას, მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრას.
თანამედროვე პედაგოგიკაში, ძირითადად, შემდეგი სახის სწავლების მეთოდები გამოიყოფა: 
  • კონკრეტული დავალების დასწავლა (,,ტექნოლოგიურად“ აგებული პროცესი). 
  • სასწავლო-კვლევითი საქმიანობა (ახალი ცოდნის ძიება, შეძენა; ახალი გამოცდილების, უნარ-ჩვევების ათვისება). 
  • თამაშის ორგანიზება (სიტუაციური მოდელირება, როლური თამაში). 
  • დისკუსია (დიალოგი, კომუნიკაცია). 
მოკლედ და ცალ-ცალკე განვიხილოთ თითოეული მათგანი:

ტექნიკური სწავლების მეთოდი
XX საუკუნეში მსოფლიო პედაგოგიკა ცდილობდა სასწავლო პროცესის ტექნოლოგიზებას. თავდაპირველად იგი გულისხმობდა სასწავლო პროცესის ტექნიკური საშუალებით ორგანიზებას. ყოველივე ამას ხელი უნდა შეეწყო და გარდაექმნა მასობრივი სწავლების პროცესი. დროთა განმავლობაში აღნიშნული ტერმინის მნიშვნელობა გარდაიქმნა. ამჟამად ტექნიკური სწავლების მეთოდები არ გულისხმობს მხოლოდ სწავლების ტექნიკური საშუალებების, ტელევიზიის, რადიოს, ვიდეოს, კომპიუტერის და სხვ გამოყენებას სწავლების პროცესში, არამედ იგი მოიცავს სასწავლო პროცესის კონსტრუირებასაც, კერძოდ:
  • - შედეგზე ორიენტირებული კონკრეტული სასწავლო მიზნების დასახვას;
  • - დასახული მიზნების შესაბამისად, სასწავლო მასალების მომზადებასა და ორგანიზებას;
  • - სასწავლო პროცესში მიმდინარე შედეგების შეფასებას; 
  • საჭიროების შემთხვევაში, სწავლების პროცესის კორექციას;
  • - საბოლოო შედეგების შეფასებას.

კვლევითი სწავლების მეთოდები

სწავლების პროცესის კვლევითი მიმართულება გულისხმობს ახალი ცოდნის კონსტრუირებას მოსწავლეთა უშუალო გამოცდილებაზე დაყრდნობით. თანამედროვე პედაგოგიკაში ეს მიდგომა დაკავშირებულია ე.წ. ,,თანამედროვე აღზრდის“ ევროპულ მიმართულებასა და ამერიკულ ,,პროგრესულ აღზრდასთან“. ორივე მიმართულება სწავლების პროცესს ბავშვის გამოცდილებაზე აგებს.
აღნიშნული სწავლების მოდელის ორიენტირი არა მარტო ახალი ცოდნის შეძენაა, არამედ უკვე არსებული ცოდნის გადამუშავებაც. მასწავლებელმა დიალოგის, წარმოსახვის, მეტაფორების, ანალოგიების და სხვა ხერხების გამოყენებით უნდა წაახალისოს მოსწავლეები და ხელი შეუწყოს შემეცნებითი აზროვნების განითარებას. ამგვარი სწავლების პროცესში მასწავლებელი ქმნის ისეთ სასწავლო გარემოს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეს დამოუკიდებლად ჩასწვდეს შესასწავლი ცნებების არსს და გადაჭრას დასახული პრობლემა. სწავლება-სწავლისადმი ასეთი მიდგომა ზრდის მოსწავლის დამოუკიდებლად სწავლის ხარისხს. მოსწავლე, უპირველეს ყოვლისა, გამოყოფს პრობლემას, შემდეგ სახავს მისი გადაჭრის ალტერნატიულ გზებს, არსებული ინფორმაციის საფუძველზე იკვლევს მათ, აკეთებს არჩევანს და გამოაქვს დასკვნები. პარალელს ავლებს მიღებულ დასკვნებსა და ახალ მონაცემებს შორის. 

კვლევითი სწავლების პროცესში სამი დონე გამოიყოფა:
1. პირველ დონეზე პედაგოგი აყენებს შესასწავლი საკითხის პრობლემას და თავად უძღვება პრობლემის გადაჭრის პროცესს;
2. მეორე დონეზე პედაგოგი აყენებს მხოლოდ გადასაჭრელ პრობლემას, გადაჭრის გზებსა და საშუალებებზე მუშაობენ მოსწავლეები;
3. მესამე, ყველაზე მაღალ დონეზე, მოსწავლეები აყენებენ პრობლემას და თავიდან ირჩევენ გადაჭრის გზებს.
კვლევითი, ძიებითი მიმართულება სასწავლო პროცესში, დაკავშირებულია კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებასთან. როგორც კრიტიკულად, ასევე შემოქმედებითად მოაზროვნე ბავშვის აღსაზრდელად მასწავლებელმა საკლასო ოთახში უნდა შექმნას შემოქმედებითი სასწავლო გარემო. 
ამ მიზნის მისაღწევად:
1. მასწავლებელი სკოლაში უნდა ეცადოს აღმოფხვრას შემოქმედებითი აზროვნების ხელისშემშლელი ყოველგვარი შინაგანი წინააღმდეგობა და სწავლება-სწავლა იმგვარად უნდა წარმართოს, რომ წარმოჩნდეს სასწავლო პროცესის მონაწილეთა ძლიერი მხარე, მოხდეს მათი თვითდამკვიდრება, დარწმუნება საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობაში. ისინი უნდა განთავისუფლდნენ შებოჭილობისაგან და ხმამაღლა, ისე გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, რომ შეცდომაზე არ იფიქრონ.
2. საჭიროა თავი შეიკავონ გამოთქმული აზრის შეფასებისაგან.
დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებისას, დიდი დრო უნდა დაეთმოს პრობლემის ირგვლივ თავისუფალ აზროვნებასა და მსჯელობას. ასეთი ტიპის სწავლების დროს ფასდება პიროვნების შემოქმედებითი მახასიათებლები (ინიციატივა, დამოუკიდებლობა, ორიგინალური გადაწყვეტილების მიღების უნარი, მრავალფეროვანი მოსაზრება) და არა გამოთქმული აზრი. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს მრავალფეროვანი იდეების წარმოშობას. 
3. განსაკუთრებით სასარგებლოა მეტაფორებისა და ანალოგიების მოშველიება, ახალი კავშირების, შეფასებებისა და ასოციაციების ძიება.
4. წარმოსახვისა და ფანტაზიის სტიმულირება ზოგადი რეკომენდაცია იმ საყოველთაოდ გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, თითქოს ფანტაზია ჩამოუყალიბებელი აზროვნების თვისებაა და რეკომენდირებული არ არის მისი გამოყენება სისტემურ სასწავლო პროცესში. საჭიროა ხელი შეეწყოს ფანტაზიის, თავისუფალი წარმოსახვის გამოვლენას, რადგან იგია შემოქმედებითი აზროვნების საფუძველი. ეს არის ახლის შექმნის, წარმოდგენის, გარდასახვის რთული პროცესი. ყოველივე ეს კი, სტიმულს აძლევს და ავითარებს მხატვრული, შემოქმედებითი, ესთეტიკური საქმიანობის სურვილს.
5. შინაგანი თავისუფლების გარემოს არსებობის მიუხედავად, პედაგოგსაც და მოსწავლესაც უნდა ახსოვდეს, რომ გარკვეული მოსამზადებელი პერიოდის - ,,იდეების მომწიფების“ - შემდეგ საკითხი თავიდან უნდა იქნეს კრიტიკული თვალით შეფასებული, ერთმანეთის მსგავსი იდეები - გაერთიანებულ-გამსხვილებული, შემდეგ კი უნდა გამოიკვეთოს პრიორიტეტები. ამ დროს მოსწავლეს უვითარდება სწორი აქცენტების დასმის უნარი.
6. მოსწავლეებს უნდა მიეცეთ გონებრივი განტვირთვის საშუალება, წახალისდნენ ჯგუფური მუშაობისათვის. ხშირად უნდა იქნეს შეთავაზებული ,,მოთელვითი“ სავარჯიშოები. განტვირთვისთვის უმჯობესია სავარჯიშოები არ იყოს დაკავშირებული მომავალ საქმიანობასთან.
7. საინფორმაციო ბაზის გაფართოებას გულისხმობს, არსებული ცოდნის საფუძველზე, ახალი ძიებისა და ფიქრის შესაძლებლობებს.
8. სასწავლო პროცესის წარმმართველმა უნდა შეძლოს მსმენელთა შემოქმედებითი აქტივობისათვის საჭირო მიმართულების მიცემა, საკუთარი შესაძლებლობების, როგორც შემოქმედებითი მუშაობის სტიმულის, რწმენის ჩანერგვა.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ჩამოთვლილი რეკომენდაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ აზრების თავისუფალი გაცვლა-გამოცვლის შემთხვევაში, შემოქმედებითი დისკუსიის საშუალებით. ამრიგად, შემოქმედებითი აზროვნებას ხელს უწყობს მოვლენების მიმართ შემოქმედებითი მიდგომის უნარის გაღვიძებას, მუშაობის პროცესში ორიგინალური, მხატვრული იდეების გენერირებასა და მოვლენის შეფასებას ინდივიდუალურად. შემოქმედებითი აზროვნების ძირითადი მახასიათებელია შედეგი, რომელიც მიიღწევა შემოქმედებითი სასწავლო-შემეცნებითი პროცესისი საშუალებით. ამგვარი პროცესი ორგვარია: შინაგანი, რაც გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას დასკვნის გამოტანის, ჰიპოთეზის შექმნის სახით, და გარეგანი, რომლის საშუალებითაც შედეგი მიიღწევა ნახატის შექმნის, საექსპერიმენტო გეგმის შემუშავების, რეფერატის მომზადებისა და სხვა გზით. 
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინტერაქტიული სწავლება-სწავლის შემოქმედებითი აზროვნებასთან ერთად ავითარებს კრიტიკულ აზროვნებასაც. კრიტიკული აზროვნება არის მიზნის მიღწევისაკენ მიმართული პროცესი, ანუ ის ყოველთვის პრობლემის გადაჭრაზეა ორიენტირებული და, ამასთან, აზროვნების განსხვავებულ უნარებს მოიცავს. ესენია: ანალიზი, დასკვნის გამოტანა, ახსნა, ინტერპრეტირება, შედარება და თვითდამკვიდრება (მეტაკოგნიცია).
მეტაკოგნიტური (მეტაშემეცნებითი) პროცესი ხელს უწყობს აქტიურ სწავლას. მეტაკოგნიტური (მეტაშემეცნებითი) ნიშნავს ადამიანის უნარს, წარმოადგინოს საკუთარი შედეგები ამა თუ იმ ამოცანის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და თვალყური მიადევნოს მოცემულ მომენტში საკუთარი ცოდნისა და შემეცნების დონეს.
სწავლება თამაშის მეშვეობით 
თამაში რთული სოციალურ-კულტურული ფენომენია, რომელსაც ეძღვნება მრავალი ფილოსოფიურ-კულტუროლოგიური, ფსიქოლოგიური, პედაგოგიური გამოკვლევა. პედაგოგიურ გამოკვლევათა დიდი ნაწილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თამაშის გამოყენებას სასწავლო მიზნებისათვის. გამოყოფენ სასწავლო პროცესში გამოყენებული თამაშის რამდენიმე სახეს: მოდელირებას, იმიტაციასა და შეჯიბრს. სასწავლო თამაში არის ნებისმიერი შეჯიბრი მოთამაშეებს შორის, რომელთა მოქმედების არე იზღუდება წინასწარ დადგენილი პირობებით (წესებით) და მიმართულია დასახული მიზნისაკენ.
დიდაქტიკური თამაშებით წარმართულ სწავლების პროცესში ოთხი ეტაპი გამოიყოფა:
ორიენტაცია - მასწავლებელი წარადგენს შესასწავლ თემას, ხსნის თამაშის წესებს და მიმოიხილავს თამაშის ზოგად მიმდინარეობას;
მომზადება - მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს სცენარს, თამაშის ამოცანებს, წესებს, როლებს, თამაშის პროცედურებს;
თამაშის ჩატარების პროცესები;
თამაშის განხილვა - მასწავლებელი განიხილავს თამაშის მსველობას. მოსწავლეები მსჯელობენ სიძნელეებზე, წარმატებებზე. ანალიზი უკეთდება ჩატარებულ თამაშს, ხდება იმიტაციის შედარება რეალურ ცხოვრებასთან.

დისკუსიის საშუალებით სწავლება 
თანამედროვე დიდაქტიკურ მეთოდებს შორის, ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს სასწავლო დისკუსიას. დისკუსია თავისი არსით დიალოგის ხასიათს ატარებს. სწავლების დისკუსიური მეთოდი მოსწავლეებს უვითარებს კომუნიკაციის, მსჯელობის კულტურას. დისკუსია არის სწავლების მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია იდეების, შეხედულებების, მტკიცებულებების მიზანმიმართული, მოწესრიგებული ურთიერთგაცვლა ჭეშმარიტების დასადგენად.

საგანმანათლებლო მიზნების მნიშვნელობა 
ჩვენ განვიხილეთ სწავლების მეთოდების სახეები, ანუ როგორ ჩავაბათ სწავლების პროცესში და ვასწავლოთ მოსწავლეებსა; თუმცა ამ პროცესის წარმატებით წარმართვისათვის, ეს არ არის საკმარისი. პედაგოგს უნდა ესმოდეს, რომ სასწავლო პროცესის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტულად დასახული საგანმანათლებლო მიზნები.
მართლაც, რა შედეგის მიღწევა სურს მასწავლებელს (სკოლას)? თითქოს პასუხი მარტივია. გარკვეული თემის სწავლებისას, მასწავლებელი მიზნად ისახავს, მოსწავლეებმა გაიგონ და შეისწავლონ საგნის არსი, მიიღონ საჭირო ცოდნა და ისწავლონ მისი გამოყენება. მაგრამ რას ნიშნავს გაგება, ათვისება, გამოყენება?
როგორ განსაზღვროს მასწავლებელმა მიღწეულია თუ არა დასახული მიზანი?
მხოლოდ იმ შემთხვევაშია მასწავლებელი დარწმუნებული საკუთარი მუშაობის ეფექტურობაში, თუ მას გააჩნია საიმედო საშუალება, რომლის მეშვეობითაც იგი განსაზღვრავს, მიღწეულია თუ არა დასახული მიზანი.
გთავაზობთ საგანმანათლებლო მიზნების ეტაპობრივი განლაგების სქემას:


დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემის დეცენტრალიზაციის პროცესში, მასწავლებელს უნდა შეეძლოს საკუთარი სასწავლო პროგრამის დამოუკიდებლად შედგენა, სახელმწიფო მიზნებისა და სტრატეგიების გათვალისწინებით.
განვიხილოთ შედეგზე ორიენტირებული მიზნების დასახვის საშუალებები.

სასწავლო მიზნების დასახვის საშუალებები
ზოგადი საგანმანათლებლო მიზნები ხელს უწყობს მასწავლებელს, მოსწავლეს შეუქმნას განვითარების ისეთი პირობები, რომ მან, როგორც საზოგადოების წევრმა, შეძლოს მთლიანად წარმოაჩინოს თავისი პოტენციური - ფიზიკური, სულიერი, ინტელექტუალური, უნარები; ანუ მასწავლებელს უნდა გამოუმუშავდეს გარკვეული კომუნიკაციური უნარ-ჩვევები. კერძოდ, ზეპირი და წერითი მეტყველება, კითხვისა და წაკითხულის აღქმის უნარ-ჩვევები. მას უნდა შეეძლოს თანატოლებთან იქონიოს სწორი ურთიერთობა - პატივი სცეს მათ ინდივიდუალობას, გაიზიაროს მათი გრძნობები. მასწავლებლებს უნდა შეეძლოთ არჩევანის გაკეთება და სხვა.
ამ ზოგადი მიზნების (ფიზიკური, ინტელექტუალური, პოტენციალის, კომუნიკაციის, სოციალური და პიროვნული განვითარების) გათვალისწინებით, პედაგოგმა უნდა შეძლოს კონკრეტული სასწავლო საგნის (კურსის) მიზნების დასახვა. სწორედ ამ ეტაპზე მუშაობს პედაგოგი საგნის შინაარსზე, აზუსტებს სწავლება-სწავლის მიზნებს, გეგმავს სასწავლო პროცესს.
როგორ უნდა დასახოს მასწავლებელმა ამა თუ იმ საგნის სასწავლო მიზნები? გთავაზობთ მიზნების დასახვის სხვადასხვა საშუალებებს:
1. შესასწავლი საკითხის არსზე ორიენტირებული სასწავლო მიზნების დასახვა; მაგალითად, რომელიმე პარაგრაფის შინაარსისი შესწავლა. რა შედეგს მივიღებთ ასეთი მიზნის დასახვით? მხოლოდ ერთს - ორიენტაციას შესასწავლის საკითხის შინაარსზე. შესაძლებელია, ამ შემთხვევაში, ვიმსჯელოთ - მიღწეულია თუ არა დასახული მიზანი? სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამგვარად დასახული მიზნით მივაღწევთ სასურველ შედეგს? სავარაუდოა, რომ ნაკლებად. ამდენად, დასახული მიზანი სრულყოფილი არ არის.
2. მიზნის დასახვა მასწავლებლის საქმიანობაზე დაყრდნობით; 
მაგალითად, ,,ვაჩვენოთ მოსწავლეებს გეოგრაფიულ რუკაზე პირობითი აღნიშვნები“. მიზნის ამგვარად დასახვა მიმართულია მასწავლებლის ქმედებაზე. მასწავლებელი გეგმავს თავისი საქმიანობას და არის ორიენტირებული სწავლების შედეგზე.
3. მიზნის დასახვა მოსწავლის ინტელექტუალური, ემოციური, პიროვნული და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით;
მაგალითად, ,,განვუვითაროთ მოსწავლეებს მხატვრული კითხვის უნარ-ჩვევა“, ,,გამოვუმუშაოთ მოსწავლეებს მათემატიკური ამოცანის პირობის დამოუკიდებლად გაანალიზებისა და ამოხსნის უნარ-ჩვევა“. მიზნის ამგვარი ფორმულირების დროს, მასწავლებელი სახავს ზოგად საგანმანათლებლო მიზნებს - სკოლის, საგნის და არა გაკვეთილის დონეზე.
აქტიური და ინტერაქტიული სწავლება-სწავლის მხარდამჭერები მიზნის ამ საშუალებას უარყოფენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ მიზნის დაკონკრეტების შემთხვევაში შედეგს ვაღწევთ.
4. მიზნის დასახვა მოსწავლეების საქმიანობაზე დაყრდნობით; 
მაგალითად, ,,გაკვეთილის მიზანია გამრავლების ტაბულის დასწავლა“, არსებითი სახელის ბრუნება“, ,,მცენარის აგებულების შესწავლა“ და სხვა. 

ერთი შეხედვით, სასწავლო მიზნების ამგვარი ფორმულირება ნათელს ხდის გაკვეთილის მსვლელობას, თუმცა ამ შემთხვევაშიც არ არის გათვალისწინებული მთავარი - სწავლების მოსალოდნელი შედეგი, რის საზომსაც წარმოადგენს მოსწავლის განვითარების დონე, რომელიც მის ამა თუ იმ საქმიანობაში ვლინდება.

ძნელია არ დავეთანხმოთ სწავლება-სწავლის ინოვაციური მეთოდის მომხრეებს იმაში, რომ სწავლების მიზნების დასახვა საგნის შინაარსზე, მასწავლებლის თუ მოსწავლის საქმიანობაზე დაყრდნობით, არ გვაძლევს სწავლების შედეგის სრულ სურათს. მათ მიერ შემოთავაზებული სწავლების მიზნების დასახვის საშუალებები გამოირჩევა იმით, რომ მიმართულია სწავლების შედეგებზე, რომლებიც მოსწავლეთა ქმედებებში აისახება. ამასთან, სწავლების პროცესის წარმმართველებმა ადვილად უნდა შეძლონ მათი ამოცნობა. ეს საკმაოდ რთული პროცესია, და მაინც, როგორ უნდა მოვახერხოთ სწავლების შედეგებზე ორიენტირება? დასახული ამოცანის გადაჭრა ორი ძირითადი ხერხითაა შესაძლებელი:
  • მიზნების დასახვისას იერარქიული პედაგოგიური ტაქსონომიების სისტემის შექმნა; 
  • სწავლების მიზნების ნათლად, კონკრეტულად აღწერა. 
პედაგოგიური მიზნების ტაქსონომიები 
,,ტაქსონომია“ აღნიშნავს იმგვარ კლასიფიკაციას, რომელიც ობიექტს ახასიათებს მარტივი კატეგორიიდან რთულისაკენ. პედაგოგიური მიზნების ამგვარი სქემის შექმნა პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში დაისახეს. მეორე მსოფლიოს ომის დამთავრების შემდეგ, პედაგოგთა ჯგუფმა, ცნობილი მეცნიერის ბენჟამენ ბლუმის ხელმძღვანელობით, ჩაატარა მრავალწლიანი კვლევა იმისთვის, რომ შეემუშავებინა პედაგოგიური მიზნების დასახვის საერთო საშუალებები და წესები. 1956 წელს გამოქვეყნდა ,,ტაქსონომიის“ პირველი ნაწილი. იგი აღწერდა მიზნებს შემეცნებით (კოგნიტურ) სფეროში. ამ სისტემას იყენებენ სწავლების დაგეგმვის დროს და შედეგების შეფასებისას. შემდგომ, სხვა მეცნიერების მიერ, შეიქმნა ,,ტაქსონომიის“ მეორე ნაწილი, რომელიც აფექტურ სფეროს მოიცავდა.
,,ტაქსონომია“, როგორც ყველა მეცნიერულად დამუშავებული სისტემა, მოქნილია; იგი არ გულისხმობს მის სწორხაზოვნად მიდევნებას.

შემოწმების ტექნიკა და ინსტრუმენტები 
სასწავლო პროცესის წარმატებით წარსამართად, აუცილებელია, შეფასების თანამედროვე ხერხების გამოყენებაც. მათი საშუალებით იზომება არა მარტო ცოდნა, არამედ შეძენილი უნარ-ჩვევებიცა და აზროვნებაც. შემოწმება გულისხმობს მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და აზროვენების შედეგების გაზომვასა და შეფასებას.
შემოწმების ერთ-ერთი სახეა მოსწავლეთა მოსწრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. ეს ინფორმაცია მრავალმხრივი უნდა იყოს, რათა მასწავლებელიმა შეძლოს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონის შესახებ ობიექტური და ღირებული დასკვნის გამოტანა; ასევე, იმ მიზეზების დადგენა, რაც ხელს უშლის სასწავლო მიზნის მიღწევას.
შემოწმების კრიტერიუმები, სასურველია, შემუშავდეს მოსწავლეებთან ერთად. შემოწმებისას, არ უნდა დაგვავიწყდეს მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინება (დაბალი, მაღალი შესაძლებლობა), სწავლის სტილი და საჭიროებანი. მასწავლებელმა მოსწავლეებს საშუალება უნდა მისცეს, რომ მათ მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი ნიჭი, ცოდნა და უნარ-ჩვევები.
გთავაზობთ შემოწმების ზოგიერთ ხერხს, რომელიც ინტერაქტიული სწავლება-სწავლის პროცესის შედეგად მიღებული ცოდნის შესაფასებლად გამოიყენება:

1. საქაღალდე/პორტფოლიო - შემოწმების ამ ხერხის საშუალებით ხდება მოსწავლეთა ნამუშევრების შეგროვება. პორტფოლიოში ხვდება მოსწავლეთა ყველანაირი ნამუშევარი - საწყისი ვერსია, ცვლილებები და სრულყოფილი ვარიანტი. საწყისი და საბოლოო ვარიანტების შედარების საფუძველზე, ვადგენთ მოსწავლის წინსვლის ხარისხს.
2. წარმოდგენა, პრეზენტაციები - წარმოდგენა არის განსახილველ საკითხთან დაკავშირებული სიტუაციის შექმნა (სიმულაცია), ხოლო პრეზენტაცია - შესწავლილი მასალის წარდგენა აუდიტორიის წინაშე.
3. რუბრიკები - თემასთან დაკავშირებული ინდიკატორების მოქნილი სისტემაა, რომელსაც მასწავლებელი ადგენს და წინასწარ აცნობს მოსწავლეებს. რუბრიკებში განსაზღვრულია მიღწევის დონეები - დაბალი, საშუალო, მაღალი.
4. თვითშეფასება და შეფასება წყვილებში - ეს არის შემოწმების ფორმები, როდესაც მოსწავლე ამოწმებს და ადგენს, თუ რა სჭირდება მას შემდგომი განვითარებისათვის. წყვილებში შეფასებისას - მოსწავლეები, გარკვეული თემის შესწავლის შემდეგ, ამოწმებენ და აფასებენ ერთმანეთის ნამუშევარს. ისინი, პედაგოგთან ერთად, ცდილობენ დაადგინონ, შესწავლილ თემას კიდევ რა საკითხები უნდა დაემატოს, რათა მიღწეული იქნეს საგნის პროგრამის შემდგომი განვითარება.
5. შემოწმებისათვის შესაძლებელია გამოვიყენოთ სპეციალურად შედგენილი კითხვები. 
შემოწმების ეს პროცესი ორი ეტაპისგან შედგება:
  • I ეტაპზე მოსწავლეებს წინასწარ, სამუშაოს, თემის განხილვამდე, ურიგდებათ კითხვარები, რომლებიც დიაგნოსტიკურ ხასიათს ატარებს. მათი საშუალებით ხდება საჭიროებათა ანალიზი. მასწავლებელი ადგენს მოსწავლეთა ცოდნას კონკრეტულ საკითხზე და საზღვრავს მისაღწევ დონეს. 
  • II ეტაპზე - იგივე კითხვარები ურიგდებათმოსწავლეებს სამუშაოს, თემის განსახილველი საკითხის დამთავრების შემდეგ. კითხვარების ანალიზის საფუძველზე დგინდება მიღწეული შედეგების ხარისხი და ხარვეზები.

0 коммент.: