ბლოგის ავტორი

მნახველთა რაოდენობა

ახალი პოსტი

ბლოგის არქივი

ფორმა უკუკავშირისთვის

Имя

Электронная почта *

Сообщение *

რა არის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა?
 კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის, სტატიის, პროექტის სახით. განასხვავებენ ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს. ფუნდამენტურია კვლევა, რომელიც ემსახურება მეცნიერული ცოდნის გაღრმავებას ახალი თეორიების შექმნით და აქამდე უცნობი მექანიზმებისა და ტექნოლოგიების ახსნით, გამოყენებითი კვლევის ძირითად მიზანს კი თეორიების, მექანიზმების, ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვა და გამოყენება წარმოადგენს.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებით კვლევათა რიცხვს. ეს არის პროფესიული სიტუაციების სისტემური კვლევა, რომელსაც ატარებენ მკვლევარ-მასწავლებლები სასწავლო სიტუაციების გაუმჯობესებისა და საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის მიზნით.
მკვლევარია მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია პედაგოგიური საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის გზების ძიება და პოვნა, ახალი იდეების, ინოვაციების, სტრატეგიების პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა.
მაშასადამე, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო სირთულეების გადასალახავად კი არ არის საჭირო, არამედ ახალი იდეების, ინოვაციების გამოსაცდელად, საკუთარი ძალების გასაძლიერებლად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო უნარ-ჩვევების განსავითარებლადაც.
პედაგოგებს ხშირად ებადებათ კითხვა: როგორ ვისწავლოთ კვლევა?
კვლევაში გამოცდილი პედაგოგები მიიჩნევენ, რომ კვლევის სწავლის საუკეთესო გზა თავად კვლევის პროცესია.
რა თავისებურებები აქვს პედაგოგიურ კვლევებს?
გამოყენებით პედაგოგიკას, როგორც სწავლების პროცესზე ორიენტირებულ მეცნიერებას, ახასიათებს განუმეორებლობა, ამ სიტყვის პირდაპირი და არა გადატანითი მნიშვნელობით.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შემთხვევაში მკვლევარს შეუძლია გაიმეოროს თავის მიერ მიღებული შედეგი განმეორებითი ცდის საფუძველზე და დააზუსტოს და განამტკიცოს მოპოვებული ცოდნა. მისი შედეგების სანდოობისა და ჭეშმარიტების შემოწმება შეუძლია მის ნებისმიერ კოლეგას იმავე ექსპერიმენტის კორექტული გამეორებით, იმავე მეთოდით, იმავე მასალაზე და იმავე პირობებში.
მასწავლებელი-მკვლევარი ასეთ შესაძლებლობას, სამწუხაროდ, მოკლებულია, ვინაიდან "განმეორებითი ექსპერიმენტისჩატარება მას უკვე სხვა "მასალაზე”, ანუ სხვა ინდივიდებზე/მოსწავლეებზე უწევს და, შესაბამისად, შედეგსაც განსხვავებულს იღებს. ამასთანავე ამ "განმეორებითი ექსპერიმენტისპირობებიც სხვაა და ის სიტუაციაც, რომელშიც პედაგოგ-მკვლევარს უწევს მუშაობა. მით უმეტეს, რომ ხშირად ამ ფაქტორების ცვალებადობა ექსტრაპედაგოგიური ხასიათისაა, დამოკიდებულია სოციალურ ან იდეოლოგიურ გარემოებებზე, ისტორიულ კატაკლიზმებზე და .. სწორედ ამიტომაა, რომ პედაგოგიკაში არასოდეს შედგება წმინდა "განმეორებითი ექსპერიმენტი”.
ზემოხსენებული მიზეზების გათვალისწინებით, გამოყენებითი პედაგოგიკა იძულებულია, დაუშვას გარკვეული "უზუსტობის ინდექსი”. იმისთვის, რომ მოვახდინოთ ამ სავარაუდო უზუსტობათა კორექტირება ან კომპენსირება და მივიღოთ სიზუსტესთან მაქსიმალურად მიახლოებული, ობიექტური დასკვნები, საჭიროა, გაიზარდოს კვლევათა რიცხვი და ინტენსივობა. იმ სავარაუდო უზუსტობათა კორექტირება, რომლებიც მოსალოდნელია და იქნება კიდეც ზემოხსენებული ტიპის კვლევების დროს, პედაგოგიკაში მათემატიკური, კერძოდ, სტატისტიკური (resp. რაოდენობრივი) მეთოდების გამოყენებით ხდება.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ეტაპები
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა შეგვიძლია შემდეგ ფაზებად დავყოთ:
1. კვლევის ამოსავალი პუნქტის განსაზღვრა/საკვლევი თემის შერჩევა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება;
2. კვლევის პროცესის დოკუმენტირებაკვლევის დღიურის წარმოება;
3. საკითხთან დაკავშირებული არსებული კვლევებისა და ლიტერატურის შესწავლა და ანალიზი;
4. კვლევის მეთოდის შერჩევა და ექსპერტიზა (სხვა კოლეგებისთვის გაცნობა ან მეთოდის მოსინჯვა მცირე შერჩევაზე - საპილოტე კვლევა);
5. მონაცემთა შეგროვება;
6. მონაცემთა ანალიზი, რომელიც კვლევის ყველაზე საინტერესო და ამავე დროს ყველაზე რთული საფეხურია;
7. მოქმედების სტრატეგიის შემუშავება და მისი პრაქტიკაში დანერგვა, რაც აუცილებლად ყველა პრობლემის გადაჭრას კი არ ნიშნავს, არამედ ძიებას, გამოცდილების შეძენას, რაღაცის გაუმჯობესებას და კვლევის პროცესის ახალ ფაზაში გადასვლას;
8. მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია, რაც შეიძლება განხორციელდეს კვლევის ანგარიშის შექმნით და კათედრის სხდომასა თუ სემინარზე მისი განხილვით, კონფერენციაზე წარდგენით, პუბლიკაციით და ..
განვიხილოთ თითოეული ფაზა ცალ-ცალკე.
კვლევის ამოსავალი პუნქტის/საკვლევი თემის განსაზღვრაკვლევის პროცესის პირველი ნაბიჯი
კვლევის პროცესის პირველი ნაბიჯი გულისხმობს კვლევის იმ ამოსავალი პუნქტის პოვნასა და ფორმულირებას, რომელიც იქნება არჩეული კვლევის საფუძველი და მიზანი.
ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან რომელი საკითხია პრიორიტეტული, რომლის კვლევა უნდა დავიწყო?"; „ჩემი ძალები და შესაძლებლობები გაწვდება ამ საკითხების კვლევას?"; „მაქვს წარმატების შანსი?" და .. - ეს ის კითხვებია, რომლებიც მკვლევარ-მასწავლებლებს ებადებათ კვლევის დაწყების წინ.
რამ შეიძლება მოგვცეს ბიძგი კვლევის ამოსავალი პუნქტის აღმოსაჩენად?
. საკუთარმა დაკვირვებამ და გამოცდილებამ გაკვეთილზე და სხვა სასკოლო აქტივობებში, როგორიც არის, მაგალითად, რთული ან გაურკვეველი სიტუაცია.
უკუკავშირისა და შეფასების შედეგებმა, რაც შეიძლება იქცეს იმპულსად შემდგომი კვლევისა და განვითარებისთვის. მაგ., პედაგოგმა შეაჯამა კლასში სემესტრის განმავლობაში ჩატარებული ტესტირების შედეგები და აღმოაჩინა, რომ პირველი ტესტირების შედეგები კარგი იყო, შემდეგ კი ისინი მკვეთრად დაეცა. ეს უკუკავშირის შედეგები იქცა მასწავლებლისთვის კვლევის მიზეზად.
. სკოლის განვითარების პროგრამებში, პროექტებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში მონაწილეობამ.
. ცნობისმოყვარეობამ და "თეორიულმა ინტერესებმა”. სულაც არ არის საჭირო,ახალი იდეები საკუთარი გამოცდილებიდან მოდიოდეს. ის შეიძლება მოვიპოვოთ კოლეგების დაკვირვებებიდან, საკითხავი მასალიდან და .. მაგ., რას აკეთებს ჩემი ერთი კოლეგა, ან რა აღმოაჩინა ერთმა მკვლევარმა, . . ინტერესი, უკეთ გაიგო და შენს საქმიანობაში დანერგო სხვათა იდეები, მნიშვნელოვანი სტიმულია კვლევის დასაწყებად.
როგორ გადავამოწმოთ, სწორად შევარჩიეთ თუ არა კვლევის ამოსავალი პუნქტი?
ამის გადამოწმება შეგვიძლია შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
 მოქმედების არეალი:
- ჩემ მიერ არჩეული კვლევის ამოსავალი პუნქტი ჩემი საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკიდან მომდინარეობს?
- მაქვს მე ამის განსახორციელებლად მოქმედების არეალი და შესაძლებლობები? მეტისმეტად ხომ არ ვარ დამოკიდებული სხვა პირებსა და ინსტანციებზე?
- კოლეგები მზად არიან ჩემთან თანამშრომლობისთვის?
- უკვე დროა, დავიწყო კვლევა თუ ჯერ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო?
 მნიშვნელოვნება:
- რამდენად მნიშვნელოვანია ეს სიტუაცია ჩემი პროფესიული ზრდისთვის, ჩემი სკოლისა და მოსწავლეებისთვის?
- აქვს მას საჭირო აღმზრდელობითი ღირებულება?
- მზად ვარ, გარკვეული ენერგია და დრო დავახარჯო ამ სიტუაციას?
- მაქვს ამ სიტუაციასთან მიმართებით შეცვლის, გაუმჯობესების, განვითარების გარკვეული სურვილი?
 დაძლევადობა:
- ნუ აირჩევთ პირველსავე ჯერზე თქვენთვის დიდ და რთულად საკვლევ საკითხებს. თუ ყოყმანობთ, შეჩერდით უფრო კონკრეტულ, შემოსაზღვრულ გეგმებზე.
 შესაბამისობა:
- შეესაბამება თუ არა ჩემ მიერ კვლევითი სამუშაოსთვის შერჩეული საკითხები ჩემს დანარჩენ პროფესიულ საქმიანობას?
- შეესაბამება თუ არა ისინი ჩემი სკოლის განვითარების პრიორიტეტებს?
- მიესადაგება თუ არა ჩემი კვლევა ჩემი გაკვეთილის მიზნებს?
- შესაძლებელია თუ არა, კვლევითი აქტივობები პირდაპირ საგაკვეთილო პროცესში ჩავრთო (მაგ., ინტერვიუები, ჯგუფური საუბრები, ანკეტირება და ..)?
საკვლევად უნდა ამოვირჩიოთ ის საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს.

კვლევის დღიური - კვლევის პროცესის მეგზური
პედაგოგიური კვლევის პროცესში მასწავლებლები აწარმოებენ .. კვლევის დღიურს, რომელშიც შეაქვთ სტრუქტურირებული და არასტრუქტურირებული დაკვირვების შედეგები, საკუთარი იდეები, გეგმები, ინტერვიუები, მონაცემთა ანალიზის შედეგები და სხვ.
კვლევის დღიური მკვლევარ-მასწავლებლის უმნიშვნელოვანესი იარაღია. იგი კვლევის პროცესის თანამგზავრია, რადგან მასში აღნუსხულია პროცესის ყველა ფაზა.
კვლევის დღიური ეხმარება მასწავლებელს კვლევის პროცესის კორექტირებასა და დასკვნების გამოტანაში, იმაში, რომ გაიგოს, სწორ გზას ადგას თუ ჩიხში ექცევა.
სასურველია, საკუთარი კვლევის დღიურის ჩანაწერები მასწავლებელმა დროდადრო გადაიკითხოს შუალედური ანალიზისთვის და ხელახლა გაიაზროს თავისი თეორიული და მეთოდური ჩანიშვნები და გეგმები.
თეორიული ჩანიშვნები აზრად მოსული მრავალმხრივი იდეების დღიურში აღნუსხვა და დავიწყებისგან მათი ხსნაა. გარდა ამისა, ეს არის მონაცემთა ანალიზის დროს წარმოშობილ ახალ იდეათა აღნუსხვაც.
მეთოდური ჩანიშვნები მკვლევარის თვითდაკვირვების დოკუმენტირებას ახდენს.
მაგ., რა პირობებში დავნერგე მე განსაზღვრული სტრატეგია? რა გამოცდილება შემძინა ამ სტრატეგიამ? რა ეთიკურ დილემას წავაწყდი კვლევის პროცესში? - და ..
კვლევის დღიურში მასწავლებელი ინიშნავს იმ გეგმებს, მიზნებს, იდეათა მოზღვავებულ ნაკადს, რომლებითაც სურს ისარგებლოს თავის პედაგოგიურ პრაქტიკაში და რომელთა განხორციელებაც სურს დროთა განმავლობაში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არ არის საჭირო ისეთი გეგმების დახვავება, რომელთა განხორციელება არარეალურია. დაუძლეველი გეგმები პედაგოგებში გულაცრუებას გამოიწვევს. თუმცა ყველა განუხორციელებელ იდეას ნაადრევად ნუ გამოვუტანთ ვერდიქტს ,,განუხორციელებულია", რადგან იმან, რაც დღეს განუხორციელებელი გვეჩვენება, ხვალ შესაძლოა ხორცი შეისხას.
მასწავლებლის მიერ სწორად წარმოებულ დღიურში მარტო კონკრეტული სიტუაციები კი არ არის გააზრებული, არამედ დროის საკმაოდ ხანგრძლივი მონაკვეთის გეგმა _ "წერილობითი ნაფიქრალი”. კვლევის დღიურმა დიდი როლი შეიძლება შეასრულოს საქმის ვითარების დაწვრილებით შესწავლაში, განსაკუთრებით - გაურკვეველ, პრობლემურ სიტუაციებთან შეჯახებისას.
კვლევის მეთოდის შერჩევა და მონაცემთა შეგროვება
მონაცემთა შეგროვება კვლევის პროცესის ერთ-ერთი საკვანძო და საპასუხისმგებლო ფაზაა. მის სწორად და კვალიფიციურად წარმართვაზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული კვლევის საბოლოო შედეგები. კვლევის შედეგების სანდოობა კი უშუალოდ არის დამოკიდებული მონაცემთა შეგროვების მეთოდის სწორად შერჩევაზე. კვლევის პროცესის სწორად წარმართვისა და სასურველი შედეგის მიღწევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას კვლევის მეთოდის სწორად შერჩევა წარმოადგენს.
რა არის კვლევის მეთოდი?
კვლევის პროცესში გამოყენებულ გზებს, რომლებსაც ობიექტური დასკვნებისაკენ მივყავართ, კვლევის მეთოდები ეწოდება.
კვლევის მეთოდებს ორ ძირითად ჯგუფად ყოფენ: თვისობრივ (დაკვირვება, დიალოგი, სიღრმისეული ინტერვიუ, ფოკუსჯგუფები და ..) და რაოდენობრივ (მაგ., მასობრივი ზეპირი თუ წერილობითი გამოკითხვაანკეტირება) მეთოდებად. თვისობრიობა - ეს არის დამახასიათებელი ნიშან-თვისება, რომელიც გვიჩვენებს, რას წარმოადგენს ესა თუ ის საგანი. რაოდენობა - ეს არის დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც რაოდენობით იზომება. აქედან გამომდინარე, კვლევის თვისობრივი მეთოდები მიზნად ისახავს საკვლევი საგნის სიღრმისეულ შესწავლას, ხოლო რაოდენობრივი მეთოდები ადგენს შესასწავლი საგნის რაოდენობრივი გავრცელების სურათს.
მკვლევარმა-მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კვლევის პროცესში რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდების ერთობლივი გამოყენება კვლევის სანდოობას და მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.
მონაცემთა ანალიზი და ინტერპრეტაცია
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მონაცემთა ანალიზი კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ, ამასთანავე, ყველაზე რთული ეტაპია. თუ კვლევის სერიოზულ, ღრმა ანალიზზე ვსაუბრობთ, მას მარტო მასწავლებელი ვერ გაართმევს თავს; ანალიზში ჩართულნი უნდა იყვნენ, სულ მცირე, სოციოლოგი და ფსიქოლოგიც; მაგრამ საკუთარი პედაგოგიური კვლევების მარტივი ანალიზი მასწავლებელს დამოუკიდებლადაც შეუძლია განახორციელოს.
კვლევის ანალიზის შედეგები მკვლევარ-მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, გადავიდეს კვლევის პროცესის მომდევნო ეტაპზე, რაც გულისხმობს კვლევის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით ახალი სტრატეგიების შემუშავებას და დანერგვას არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად.
კვლევის პროცესის უკანასკნელი ეტაპი კვლევის საბოლოო გაფორმება და პრეზენტაციაა. 

 ავტორი: სოფიკო ლობჟანიძე

0 коммент.: